ზალკალიანი კიბერშეტევაზე: არ მოგვერიდება თქმა, საიდან, ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"რა თქმა უნდა, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა". – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე გუშინდელ კიბერშეტევას. ზალკალიანის თქმით, ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურა მჭიდრო კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან და მათ ყველა საჭირო ინფორმაციას გაუგზავნიან.

"კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრზე. ესაა იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. ეს შეტევა იყო გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან საქართველოს ხელისუფლებისა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა." – ამბობს ზალკალიანი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს მოხდა კიბერშეტევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. 

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები