იძულებითი კარანტინი

კანდელაკი: დისკრიმინაციული კარანტინი არაფორმალური აკრძალვაა, რომ მოქალაქეები არ დაბრუნდნენ

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისა და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისაკენ მოწოდებს. კანდელაკის თქმით, კარანტინი არის დისკრიმინაციული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან საქართველოს მთავრობა ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეებს განხვავებულ პირობებში აქცევს.

"ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო ბატონი ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებას, როცა სახელმწიფო მათ მოქალაქეებს ათავსებს იძულებით კარანტინში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მოემართებიან მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ევროპული საქართველო მოითხოვდა თავიდანვე, რადგან ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი სამეცნიერო საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისათვის, დაბრუნდნენ სამშობლოში". – ამბობს კანდელაკი

გიორგი კანდელაკმა მთავრობას ასევე მოსთხოვა, რომ უსაფრთხოთა სიაში შევიდნენ ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვთ. კანდელაკის თქმით, ამგვარი ქვეყნებია
საბერძნეთი, პოლონეთი და დანია.

"ამავე დროს მოვუწოდებ მთავრობას, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გააჩნიათ კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი, როგორებიცაა საბერძნეთი, პოლონეთი და დანია. საბერძნეთსა და პოლონეთში ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და, ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ეს ქვეყნები შეტანილნი უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

ასევე, ევროპული საქართველოს სახელით მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყონებლივ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ავიაკომპანიებს, მათ შორის, პირველ რიგში ვიზეარს, რომ აღადგინონ რეგულარული ფრენები არა ყველგან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებში იმ პირობით, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ქვეყნები, რომელთაც აქვთ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეწყვიტოს ჩაწყობისა და გამონაკლისების
დაშვება, სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან მომავალმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა "ჩააწყო" მთავრობაში და ქვეყანაში შემოვიდა კარანტინის გვერდის ავლით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან, რომ შემოუშვას
ქვეყანაში ადამიანები იმ ქვეყნებიდან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათია". – აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, მუშაობენ. მისივე თქმით, ეს "უხერხული საკითხია", რომელიც უნდა გადაწყდეს. 

კომენტარები