საქსტატი

საქსტატი: აგვისტოში თვითმფრინავით მგზავრობის ფასი 60.6%-ით შემცირდა

საქსტატი

საქსტატმა აგვისტოს ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.86% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 5.7%-ა.

საქსტატის ინფორმაციით, იმ პროდუქტების სია, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად შემცირდა აგვისტოში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ასეთია:

1. თვითმფრინავით მგზავრობა - 60.6%-ით

2. ბადრიჯანი - 30.6%-ით

3. ბენზინი - 22.5%-ით

4. ხახვი - 21.9%-ით

5. დიზელის საწვავი - 21.6%-ით

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა მხოლოდ სამ მიმართულებას არ ეხება - მიუნხენი, პარიზი, რიგა. იქაც, ფრენა მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ორჯერ) შეუძლია. სრულდება თვეში რამდენიმე ჩარტერული რეისი, ასევე, ორჯერ დაინიშნა სპეცრეისები ემიგრანტებისთვის. ერთი გზის საფასური მინიმუმ რამდენიმე ასეული ევროა, მხოლოდ ემიგრანტებისთვის დანიშნული სპეცრეისები ღირდა 199 ევრო.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები