არჩევნები 2020

კაპანაძე: NDI აპირებს, დააკვირდეს წინასაარჩევნო პროცესს და ყველაფრის მონიტორინგს შეასრულებს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, NDI-ს განცხადებას ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები არ ეყოლება ოქტომბრის არჩევნებზე, ხელისუფლებას ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არჩევნები დაკვირვების გარეშე
ჩაივლის, რადგან მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გზავნის დამკვირვებლებს საქართველოში ოქტომბრის არჩევნებისათვის. კაპანაძის თქმით, ის, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არჩევნებს სხვადასხვა სახით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ ვნახეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადება, არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებებს, რომლებიც არის გამოთქმული ამ განცხადებაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან, თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, ან კიდევ აქვს ილუზია, რომ ჯერ კიდევ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება.

 მნიშვნელოვანია, რომ NDI აპირებს, წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდეს და ყველა ის თემა, რაც აწუხებს საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის დარღვევები ან კანონის არასათანადოდ შესრულება და მისი ცალმხრივად შესრულება - ამ ყველაფრის მონიტორინგს NDI შეასრულებს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ მოსაზრებას, რომ პარტიებმა თავიანთი პროგრამები ღიად უნდა გააცნონ საზოგადოებას და გადაწყვეტილება მიიღონ მოქალაქეებმა პარტიების პროგრამებიდან გამომდინარე, ეს არის სწორედ ის, რასაც ევროპული საქართველო აკეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადამწყვეტი ცვლილებები შევთავაზოთ საზოგადოებას, ცვლილებები, რომლებიც დღეს არსებული ამ კრიზისული მდგომარეობიდან წინ წაიყვანს ქვეყანას და ჩვენ სწორედ იდეების მიტანა გვინდა საზოგადოებასთან და იმის ახსნა, რომ ძველებური მეთოდები არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ, რომ ევროპული საქართველო იყოს კომპასი გადამწყვეტი და გარდამტეხი ცვლილებებისთვის. შესაბამისად, NDI-ს მოსაზრებებს ევროპული საქართველო ფუნდამენტურად იზიარებს". – ამბობს სერგი კაპანაძე.

NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ს წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

კომენტარები