ნავალნის მოწამვლა

პოლონეთის პრემიერი რუსეთზე: მტრულ რეჟიმთან დიალოგი, კომპრომისი – მათთვის ეს უცხო სიტყვებია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი:

"საქართველო 2008. მას შემდეგ, 2014 წელს ყირიმი და დონბასი. [მალაიზიური თვითმფრინავი] MH17. სოლსბერი 2018. ბერლინი 2019. ნავალნი 2020. რამდენი გამომაღვიძებელი ზარი გვჭირდება, რათა საბოლოოდ გავაანალიზოთ, რომ მტრულ რეჟიმთან გვაქვს საქმე? დიალოგი, პარტნიორობა, კომპრომისი - ეს მათთვის უცხო სიტყვებია. დროა, დასკვნები გამოვიტანოთ".

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები