ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "ლუგარის ცენტრზე შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს". მისი აზრით, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.

"ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა".

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები