არჩევნები 2020

ინაშვილი: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს კინზინგერი, რეპუტაციაშელახული პირია

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, კონგრესმენ ადამ კინზინგერის ტვიტს გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ შეშფოთებულია ზოგიერთის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციით, რომ აჭარა თურქეთის საფრთხის ქვეშაა.

კონგრესმენი ასევე წერს, რომ ეს ბრალდება არის რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში.

"საერთოდ არ მაინტერებს ბატონი კინზინგერი რას ფიქრობს. ჩემს თვალში და წარმოდგენაში საკმაოდ რეპუტაციაშელახული პირია, მიკერძოებული, ცალმხრივი და პირდაპირ ვაკავშირებ მას სააკაშვილთან და ბოკერიასთან, ამ ჯგუფებთან." - უპასუხა ინაშვილმა კინზინგერს.

29 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში ბანერი გააკრა, სადაც ეწერა - "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო". ბანერზე აჭარა მონიშნული იყო, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პრორუსული პარტია ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

მოგვიანებით, გონიოში განთავსებული ბანერი ლელოს აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს. ბათუმის მერიამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში განთავსებული პატრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამაზე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. 

კომენტარები