უვიზო მიმოსვლა

GDI: კანონი, რომლითაც ქართველ მესაზღვრეს შეუძლია მგზავრი EU-ში არ გაუშვას, არაკონსტიტუციურია

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, თუკი ისინი არ დააკმაყოფილებენ კანონში მითითებულ კრიტერიუმებს. GDI მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. 

GDI-ში ფიქრობენ, რომ მიღებული კანონი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, აუცილებელია, ნებისმიერი შეზღუდვა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ კრიტერიუმებს - ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს თანაზომიერი, მიღებული კანონი კი ორივე თვალსაზრისით პრობლემურია.

სახელმწიფოს მოსაზრებით დაწესებული შეზღუდვა არის პრევენცია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კუთხით საქართველოსთვის შესაძლო პრობლემების ასაცილებლად და საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკის დარღვევის ასარიდებლად. სათუოა ამგვარი მიზნის ლეგიტიმურად მიჩნევა და მისი მოაზრება კონსტიტუციის მე-14 მუხლში, რომელიც განსხვავებით სხვა უფლებებისგან ლეგიტიმური მიზნების ძალიან ვიწრო ჩამონათვალს შეიცავს და მკაფიოდ განსაზღვრავს თითოეულ მათგანს. 

კანონი ასევე არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, კერძოდ, იგი არ არის აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება. წარმოდგენილი ღონისძიება არის უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას და, მეტიც, ლახავს ადამიანის ღირსებას, რამეთუ საქართველოს მოქალაქეებს მიზნის მიღწევის საშუალებად აქცევს. სახელმწიფო ამბობს, რომ კონკრეტული მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის წესების შესაძლო დარღვევის გამო საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს შეზღუდვის ქვეშ და, ამდენად, დაზარალდეს. ინდივიდის ობიექტივიზაცია და ზოგადი პრევენციის მიზნით მისი სანქცირება (რაც ამ შემთხვევაში მისი საქართველოს ტერიტორიიდან არ გაშვებით გამოიხატება) კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს არაკონსტიტუციურად ცნობილი". - წერია GDI-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დელეგირების საკითხიც და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება.

"სახელმწიფოში, რომელიც ჯერ კიდევ შეუმდგარი დემოკრატიული ინსტიტუტებით იმართება და მაღალია პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით პირთა მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების და დევნის რისკები, ამგვარი საკანონმდებლო ბერკეტები საშიშ იარაღს წარმოადგენს და ზრდის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევებს". - წერია განცხადებაში.

GDI მიიჩნევს, რომ განხილული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის თავისუფლების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს. ორგანიზაცია გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, მათ შორის, მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე არ გაუშვას.

კომენტარები