ევროკავშირი-საქართველო

"საქართველო: სამართლის უზენაესობიდან განდგომა" – ყოფილი ევროკომისრის სტატია

0 კომენტარი
ფოტო: European Western Balkans

ყოფილი ევროკომისარი, ფრანკო ფრატინი გამოცემა  The Parliament Magazine-ისთვის დაწერილ სტატიაში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს ყურადღებით უნდა დააკვირდეს.

ფრანკო ფრატინი ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდებისა და, მეორე მხრივ, ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებისთვის აკრიტიკებს. 

ყოფილი ევროკომისარი და ორჯერ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის სტატიას, სახელწოდებით "საქართველო: სამართლის უზენაესობიდან განდგომა", ბელარუსში არსებული მდგომარეობის აღწერით იწყებს და პარალელს ავლებს საქართველოსთან. 

"ბელარუსი არის უპირველესი მაგალითი ევროკავშირის მეზობელი ქვეყნისა, რომელიც ევროკავშირისა და სხვების ინტერესებს შორის თამაშობს. ერთ დღეს ის საჯაროდ გამოხატავს ევროკავშირის გაწევრიანებისაკენ მიზანსწრაფვას, მეორე დღეს იმ ღირებულებებს უარყოფს, რომელსაც კავშირი ეფუძნება, თუმცა ის მარტო არ არის. საქართველო, როგორც ჩანს, კიდევ ერთი მეზობელია, რომელსაც ევროკავშირმა თვალი ყურადღებით უნდა მიადევნოს. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მუდმივად ირწმუნება, რომ ევროკავშირში მიღება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ის აგრძელებს თავისი სახელმძღვანელო ღირებულებებისგან დაშორებას.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო მზარდად არამეგობრული გახდა უცხოელი ინვესტორებისთვის. მთავრობა ისე შორს მიდის, რომ საკვანძო სტრატეგიულ ბაზრებში ერევა და ახდენს უცხოური კერძო კაპიტალის ექსპროპრიაციას". – წერს ევროკომისარი. 

ამის მაგალითად ფრანკო ფრატინის მოჰყავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება. ყოფილი ევროკომისრის შეფასებით, პროექტი საქართველოში მთელი დასავლეთ ევროპიდან იზიდავდა ინვესტიციებს და საშუალებას მისცემდა ქვეყანას, საკუთარი თავი ისევ ჩაერთო აზიასა და ევროპას შორის არსებულ სავაჭრო ჰაბში. 

"თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა და საერთაშორისო დეველოპერულმა ორგანიზაციებმა დაინახეს, რომ მთავრობა უარს ამბობდა მათი სესხების ჩამოწერაზე და პროექტი ჩაკვდა". – წერს ფრანკო ფრატინი. 

ხელისუფლების მიერ ბიზნესგარემოში უხეშად ჩარევის მეორე მაგალითად საერთაშორისო დიპლომატს კავკასუს ონლაინის ირგვლივ მიმდინარე დავა და ტელეკომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები მოჰყავს, რაც კომუნიკაციების კომისიას განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევს, ჩაერიოს კომპანიის გადაწყვეტილებებში. ფრანკო ფონტანას თქმით, ეს ბოლო გადაწყვეტილება საქართველოში მზარდად შემაშფოთებელი განვითარების კულმინაცია აღმოჩნდა. 

"როგორც სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ყოფილი კომისარი, ვფიქრობ, რომ ბრიუსელმა მშვიდად არ უნდა უყუროს, როგორ იყენებს წევრობის მსურველი ქვეყანა სამართლის უზენაესობას თავის ინსტრუმენტად. სამართლებრივი უსაფრთხოება ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია. ის ქმნის ჩვენს სოციალურ და ბიზნესცხოვრებას, თუმცა უცხოელი ინვესტორები საქართველოში მას მოკლებულნი არიან.

ამასთან, ეს ქმედებები ხელისუფლების მიერ საკვანძო სტრატეგიული ინდუსტრიების მიტაცების პრეცედენტს ქმნიან. მედიის თავისუფლება და პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი თანამედროვე დემოკრატიებში. 

იმ ფონზე, რომ საქართველოში არჩევნები ოქტომბერში ტარდება, ვინ არის გარანტორი იმისა, რომ ინტერნეტ- და ტელეკომუნიკაციების კომპანიებს არჩევნების შემდეგ ხელისუფლება არ წაიღებს? სად უნდა ვეძებოთ დემოკრატიული მექანიზმები, თუკი ორივე, სამართალიცა და ბაზარიც, სახელმწიფოს აქვს დამორჩილებული? 

საქართველოში, ბელარუსის მსგავსად, ევროკავშირთან ახლო და სტრატეგიული პარტნიორობა გამოიყენება კარტად დასავლეთთან ვაჭრობაში და საკუთარი ხალხისთვის განკუთვნილ რიტორიკულ საშუალებად, რომლებიც უმეტესწილად მხარს უჭერენ კავშირთან ახლო ინტეგრაციას. თუმცა ამ განზრახვას ფაქტები იშვიათად უმაგრებს ზურგს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარეგნულად კვლავ მტრულია რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც კავკასიას გავლენის სფეროდ მიიჩნევს, იგი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას და გაუმჯობესებას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიმართ ამ ბუნდოვანი პოლიტიკით საქართველო თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უარყოფს ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომელსაც ის გაცხადებულად ესწრაფვის და რასაც მძიმე შედეგები მოაქვს ეკონომიკური განვითარებისთვის როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში.

დროა ევროკავშირისთვის ამ ქცევაზე მითითებისა. აქამდე ყურადღება ყოველთვის ბრიუსელზე იყო იყო მიპყრობილი, იმისათვის, რომ სხვადასხვა კანდიდატისთვის მას შეექმნა განსხვავებული გზები კავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა ზოგ მეზობელს უნდა შევახსენოთ, რომ მათზეა დამოკიდებული გაწევრიანების პირობების დაკმაყოფილება და ზოგ შემთხვევაში აუცილებელია მითითება, რომ საკუთარი პრეროგატივების განხორციელება გადაიაზრონ. ესეც დიპლომატიაა". – წერია სტატიაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები