ნავალნის მოწამვლა

ტრამპი ნავალნის მოწამვლის ცნობებზე: აშშ ამას ძალიან სერიოზულად შეხედავს

AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ თქვა, რომ აშშ-მ ამას ძალიან სერიოზულად უნდა შეხედოს - "და ვფიქრობ, ასეც ვიზამთ".

"მე ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ არ გვქონია არანაირი მტკიცებულება ჯერ, თუმცა მე ამას ვნახავ," - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ტრამპის თქმით, მას არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ საეჭვოდ გახადოს გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგები. "მათ უნდათ რაღაცის გაკეთება, მათ მოქმედება უნდათ, ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, კიდევ ერთხელ [გავიმეორებ], ჩვენ ვმუშაობთ უამრავ ქვეყანასთან უამრავ საკითხზე. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში, როგორც იცით. გეუბნებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას დაგიდასტურებთ."

ტრამპმა აშშ-ს დამოკიდებულება გერმანიაში მშენებარე რუსული მილსადენისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა: 

"მე ვიყავი ის, ვინც აშშ და მსოფლიო გააფრთხილა Nord Stream 2-ზე. რატომ ხარჯავს გერმანია მილიარდობით დოლარს, რომ ენერგორესურსი მიიღონ რუსეთისგან? ჩვენ გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. რაზეა ეს ყველაფერი? და სანქციები და სხვა დანარჩენი ყველაფერი..."

აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთის თემა არის ის საკითხი, რაზეც უფრო ხშირად უნდა ლაპარაკობდნენ:

"საინტერესოა, რომ ყოველთვის ყველა რუსეთს ახსენებს, და მე არ მადარდებს რუსეთის ხსენება, მაგრამ, ვფიქრობ, ამჟამად ჩინეთია მთავარი [საკითხი], რომელსაც თქვენ რუსეთზე უფრო მეტად უნდა აშუქებდეთ, რადგან ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, გაცილებით უარესია. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, ნახეთ, რა მოხდა ჩინეთის ვირუსზე".

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

ნავალნის მოწამვლის შემდეგ, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ შეწყვიტოს რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტის მხარდაჭერა.

Nord Stream 2-ის პროექტი თითქმის დასრულებულია. 1 220 კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

კომენტარები