შაქარაშვილის საქმე

POG: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა

0 კომენტარი
ფოტო: ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძებო მოქმედებები განხორციელდა და ვიდეოკადრები 2020 წლის 3 სექტემბერს დაცვის მხარეს გადასცეს. 

"გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. 

ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს." - წერია პროკურატურის განცხადებაში.  

კადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩანაწერები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული არ არის. 

"ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად." - წერია განცხადებაში.

დღეს, 5 სექტემბერს, ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომელიც, მათი მტკიცებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებშია გადაღებული. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ კადრები მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. 

ერთ-ერთ კადრში, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, საქმეზე ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს საკანშია გადაღებული, ისმის, რომ, სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შურს იძიებს. 

ტელეკომპანია პირველმა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ისევ ზ.ხ. ლაპარაკობს.

"6 ხომ ვართ? 5-ს აქვს დამძიმებული. მე ამ დროს მეექვსესთან ერთად ვარ. ზუსტად ერთი და იგივეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არ აქვს დამძიმებული. ზუსტად ერთნაირად ვმოძრაობთ, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით. მე მაქვს და ამას არ აქვს. 

შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით, წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ." - ისმის ჩანაწერში.  

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში კი საკანში საუბრობენ ანი გაბეჩავაზე, ვის დაბადების დღეზეც იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილი. ბრალდებული, რომლის იდენტიფიცირებაც, ჟურნალისტის თქმით, ვერ მოახერხეს, ამბობს, რომ გაბეჩავას "მეორე დღეს" შეხვდნენ. 

"ჯარიმას მიწერენ 15 000-ს და გადავიხადოთო. აბა, შენ იცი-მეთქი, დაგირეკავ საღამოს-მეთქი. კარანტინის დროს 10 კაცზე მეტი რომ არ შეიძლებოდა, ჩვენ 60 ვიყავით". - ისმის ვიდეოში. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სიკვდილამდე 10-დან 20 წუთამდე შუალედში აქვს მიყენებული. დასკვნაში წერია ისიც, რომ გვამის წყალში ყოფნის პერიოდი გარდაცვალებიდან 3-4 დღეა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები