ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ჰაიკო მაასი ნავალნის მოწამვლაზე: საკითხი Nord Stream-ის რეალიზაციამდე არ უნდა დავიწროვდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

დისკუსიები, რომელიც გერმანიაში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ მიმდინარეობს, არ დავიწროვდეს Nord Stream 2-ის რეალიზაციის საკითხამდე - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გამოცემა Bild am Sonntag-თან საუბარში განაცხადა

მაასის თქმით, არ არის მართებული, მიმდინარე დისკუსია მხოლოდ გაზსადენის მშენებლობის საკითხით შემოიფარგლოს. მაასი ამბობს, რომ Nord Stream-2-ის მშენებლობაში 12 სახელმწიფოა ჩართული და მონაწილეობს 12 კომპანია, რომელთა ნახევარიც გერმანულია. მაასის თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, კარგად უნდა გაიაზრონ ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგები. 

ალექსეი ნავალნი ამ დროისთვის ბერლინში, კლინიკა შარიტეში მკურნალობს. გერმანიის მთავრობის ცნობით, პუტინის კრიტიკოსი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. 

რუსეთის მოქმედებებზე საპასუხოდ გერმანიის მწვანეთა პარტიამ ანგელა მერკელს მოუწოდა შეაჩეროს Nord Stream 2-ის მშენებლობა. იგივე განაცხადა ბუნდესტაგში ქრისტიან დემოკრატიული ფრაქციის ყოფილმა ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც პარტიაში ანგელა მერკელის შემცვლელად განიხილება.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

 

კომენტარები