ღირსეული პარტნიორი

"ღირსეული პარტნიორი 2020" ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, 7 სექტემბერს, ვაზიანში ღირსეული პარტნიორი 2020 ოფიციალურად გაიხსნა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩამოვიდა. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი – სამხედროები მიიღებენ.

როგორც გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, მსგავსი წვრთნებით, პარტნიორებთან ერთად, საქართველომ უნდა მიაღწიოს ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

"ბატონებო, მოგეხსნებათ, რომ წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უფრო უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, მათი კეთილდღეობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის თითოეული საქართველოს მოქალაქის და ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი.

გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე აშშ-ის ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". – თქვა გიორგი გახარიამ. 

ღირსეული პარტნიორი საქართველოში მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილი შეტანა. 

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და ის ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

კომენტარები