არჩევნები 2020

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: UNIAN

ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე თქვა. 

"მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ ენმ-მა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე". – თქვა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე მიხეილ სააკაშვილი თავად ისაუბრებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, ტაბულამ 7 აგვისტოს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები