ევროპული საქართველო

ბოკერია: პოლიტიკური ველურობაა ცივილიზებული კონკურენციის პრობლემად მიჩნევა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო/Facebook

ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას პარტიის საარჩევნო ბუკლეტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

ბუკლეტის, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ, 6 სექტემბერს გავრცელდა, ერთ გვერდზე შედარებულია ევროპული საქართველო და ქართული ოცნება, ხოლო მეორე გვერდზე ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია სოციალურ ქსელში კამათი. 

"ამომრჩევლებისთვის იმის თქმა, რით განვსხვავდებით სხვისგან, ბრძოლაა? ზოგადად, პოლიტიკური ველურობაა, რომ შენს კონკურენტს უნდა, რომ მოსწონდე და საპირისპიროზე ბრაზდება. ეს ემართებათ ხოლმე ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ნაციონალურ მოძრაობაში და დიახ, ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. მათ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდათ და ჩვენ გვინდა ამ ვითარების შეცვლა და წინსვლა". – ამბობს გიგა ბოკერია. 

შეკითხვაზე, მთავარ კონკურენტად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას განიხილავს თუ არა, დეპუტატი პასუხობს, რომ ოპოზიციის შიგნით ევროპულ საქართველოს ყველა კონკურენტად მიაჩნია, უბრალოდ, ზოგ კონკურენტს უფრო დიდი ძალა აქვს. 

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამთავრობო პროპაგანდა ჯიუტად გააგრძელებს ამით, რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშავს, რომ ეს არის ბიძინა და მიშა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებმა იცოდენ, რა ხედვა გვაქვს ჩვენ, რა კომპასი გვაქვს, რა გზით მივდივართ, რაშია განსხვავებები ჩვენ შორის". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ენმ-სთან განსხვავებების ერთერთ მაგალითად ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სავალდებულო საპენსიო დანაზოგები მოჰყავს. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ეს თანხა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, ენმ კი სხვაგვარად ფიქრობს. 

"პოლიტიკური ველურობაა, როცა ამ ტიპის კონკურენციის ცივილიზებული კამპანია ვიღაცას დემოკრატიის პრობლემად მიაჩნია. ეს დემოკრატიის არსია. პროპორციული არჩევნები ხომ ამიტომ გვინდოდა? რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ოღონდ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ". – ამბობს გიგა ბოკერია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებისთვის რეგისტრაცია სულ 66-მა პარტიამ გაიარა. არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც პარლამენტის 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 

კომენტარები