ევროპული საქართველო

ბოკერია სააკაშვილის პრემიერობაზე: ეს უფრო მკაფიოს ხდის სურათს ჩვენი საზოგადოებისთვის

0 კომენტარი

"ჩემი აზრით, ეს უფრო მკაფიოს ხდის ჩვენი საზოგადოებისთვის სურათს". – ასე აფასებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიერობის კანდიდატად მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაყენებას. 

"ვიმეორებ, ივანიშვილს უნდა დღევანდელი ვითარება, კატასტროფული და ჩვენი ეროვნული ამოცანაა ამის შეცვლა. ნაციონალურ მოძრაობას უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება და ჩვენ, ევროპულ საქართველოს და ჩვენი აზრით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ჩვენს ქვეყანას, სჭირდება წინსვლა, გარდამტეხი ცვლილებები და სწორ გზაზე სწორი კომპასით დგომა, გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური თვითმმართველობა, რომ ადგილზე წყდებოდეს საკითხები, ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო, თავისუფალი ქვეყანა". – ამბობს გიგა ბოკერია. 

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენას ქართული ოცნება წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ გამოიყენებს, თუმცა, წარუმატებლად. 

"ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ამ კარტის გათამაშებას, ამჯერად წარუმატებლად. ეს კარტა არის ის, რომ თუ ბიძინა არ არის, მიშა იქნება. ეს ასე არ არის. ეს ასე ვერ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, იქნება კოალიციური მთავრობა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ცნობა იმის შესახებ, რომ ენმ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებდა, ტაბულამ 7 აგვისტოს გაავრცელა. ერთი თვის თავზე, დღეს, 7 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები