გერმანია - რუსეთი

ანგელა მერკელი Nordstream 2-ის გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

0 კომენტარი
ანგელა მერკელი ფოტო: DW

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო Nordstream 2-ის გაზსადენზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ კანცლერის სპიკერმა, შტეფენ ზაიბერტმა ორშაბათს გააკეთა.

"კანცლერი იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს". – თქვა ზაიბერტმა. კანცლერის სპიკერს ჰეიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

"იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე. თუ მომდევნო დღეებში რუსეთი არ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, იძულებული ვიქნებით საპასუხო ზომები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილოთ". – თქვა მან.

ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. ის ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს. სწორედ გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოაჩინეს ოპოზიციონერის სისხლში საწამლავი, რომელიც რუსული წარმოშობისაა. კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კვლავ უარყოფს. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ შეწყვიტოს რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტის მხარდაჭერა.

Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებას ემხრობიან მერკელის პარტიაშიც. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ რიოტგენმა გერმანულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პროექტის დასრულება პუტინის "არაჰუმანურ და დამცინავ პოლიტიკას წაახალისებს".

Nord Stream 2-ის პროექტი თითქმის დასრულებულია. 1 220 კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

პროექტზე მუშაობა გასული წლის დეკემბრის შემდეგ დროებით შეჩერდა. მიზეზი აშშ-ს მხრიდან სანქციების მუქარის გამო პროექტიდან შვეიცარიული კომპანიის გასვლა გახდა.

გერმანულმა კომპანია Uniper, რომელიც გაზპრომთან და კიდევ 4 პარტნიორ კომპანიასთან ერთად პროექტში რჩება გასულ წელს განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ გაზსადენის მშენებლობა ვერ დასრულდება.

21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს. 

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. 

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები