კორონავირუსი საქართველოში

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდება

1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ბათუმსა და ქობულეთში უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულების ზრდას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით და ამისთვის, როგორც ბათუმში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველაფერი არის მზად.

მთავარი არის ის, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება პროცესს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის გარკვეულ ზრდას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 2 კვირით, 1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. იქნება დისტანციურად". – ამბობს გიორგი გახარია. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმსა და ქობულეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურებული 34 ახალი შემთხვევიდან 20 აჭარაში აღირიცხა

პრემიერმინისტრმა გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 684 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები