არჩევნები 2020

გახარია სააკაშვილზე: კიდევ ეთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს

საქართველოს მთავრობა

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს". – ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც საქართველოში დაბრუნება დაანონსა და დღესვე ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიერობის კანდიდატი სწორედ სააკაშვილი იქნება.

გახარიას თქმით, ქვეყნაში სტაბილურობასა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში წარმართვას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ცნობა იმის შესახებ, რომ ენმ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებდა ტაბულამ 7 აგვისტოს გაავრცელა. ერთი თვის თავზე, დღეს, 7 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები