მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი პრემიერობაზე: მზად ვარ, ვიტვირთო ეს ფუნქცია

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, პრემიერმინისტრობის ფუნქცია იტვირთოს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა 20-წუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, სადაც წესით, უნდა ეთქვა, როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. 

"მზად ვარ, ვიტვირთო ეს [პრემიერმინისტრის] ფუნქცია, არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის პრემიერმინისტრი "არასრული ვადით", მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში იქნება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი არც ისე შორეულ წარსულში იმასაც ამბობდა, რომ მას საქართველოში თანამდებობა საერთოდ არ სურს. 

"ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და წავიდეთ წინ და ამაში ვარ დარწმუნებული. მე ვარ მზად, ვიკისრო ეს და 24/7-ზე ვიმუშავო და თქვენ იცით, რომ ამის უნარი მე მაქვს და ყველამ ერთად, ძალიან ფართო ფრონტით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობა იმის შესახებ, რომ ენმ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებდა, ტაბულამ 7 აგვისტოს გაავრცელა. ერთი თვის თავზე, დღეს, 7 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს.

კომენტარები