აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოში სამხედრო წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველში ღირსეული პარტნიორი 2020-ის ფარგლებში სამხედრო წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმიური ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მსგავსი სახის საერთო წვრთნები ქართველ სამხედრო სამხედროებს საშუალებას გაზარდონ საკუთარი საბრძოლო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების წარმოების დამატებითი უნარები. საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების მსგავსი პრაქტიკა სერიოზული საფრთხის მატარებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და ძირს უთხრის კონფლიქტების დარეგულირების არსებულ საერთაშორისო ფორმატის ძალისხმევას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტოს თანახმად, საქართველოს ქმედებებზე "სიმეტრიული" პასუხის გასაცემად, ოკუპირებული აფხაზეთი გეგმავს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, აშშ-სა და NATO-ს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, აშშ-სა და NATO-s წევრი სხვა ქვეყნების ქმედებებს აფასებს როგორც ღია პროვოკაციულ და სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზიაციაზე გათვლილ ქმედებებს. დაურეგულირებელი კონფლიქტების ზონაში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, აშშ-სა და NATO-ს". – წერია განცხადებაში.

7 სექტემბერს ვაზიანში ღირსეული პარტნიორი 2020 ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩამოვიდა. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი – სამხედროები მიიღებენ. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, მსგავსი წვრთნებით, პარტნიორებთან ერთად, საქართველომ უნდა მიაღწიოს ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ღირსეული პარტნიორი საქართველოში მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილი შეტანა. 

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და ის ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

კომენტარები