არჩევნები 2020

ჟვანია: თერმოსკრინინგი კენჭისყრის დღეზე არ გავრცელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რა იქნება კენჭისყრის დღეს და ელოდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობებს, რადგან მოცემულობები ყოველდღიურად იცვლება, თუმცა პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელი იქნება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით იმას, რომ კენჭისყრის დღეს პირბადის ტარების ვალდებულება ექნება ყველას, მათ შორის, ამომრჩეველსაც, იმ დამკვირვებლებს, იმ კომისიის წევრებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში არიან თითქმის 24-საათიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არეგულირებს წინასაარჩევნო პერიოდში როგორი იქნება ცესკოსთან, საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მათ შორის, საუბნო კომისიებთან შესვლა-გამოსვლის წესები. თერმოსკრინინგი, როგორც ასეთი, მოთხოვნა იქნება ყველა შენობის შესასვლელში. უბრალოდ, ეს არ არის დღესდღეობით გავრცელებული და არ ვრცელდება კენჭისყრის დღეზე. ყველა შემსვლელს, ჩართულ მხარეს, პარტიას, კანდიდატს, როცა კომისიასთან ექნება ურთიერთობა, მას აუცილებლად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი". – ამბობს თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანიას თქმით, ტემპერატურის მქონე ადამიანებისთვის ცალკე სივრცე არ გამოიყოფა, რადგან ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლევა, თერმოსკრინინგი კი კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესში იმუშავებს.

"ცალკე სივრცის პრობლემა არის. ჩვენ, სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ცალკე სივრცის საშუალებას და ცხადია, ეს არის პრობლემა. არის ქვეყანა, რომელმაც ტემპერატურის მქონე ცალკე სივრცე გამოუყო ტემპერატურის მქონე ამომრჩეველს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კონტაქტი არის ძალიან მოკლე, ამომრჩეველი დაცული იქნება.

საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია ასეთია, რომ სიცხის და ტემპერატურის მიზეზი ჩვენ ვერ გვეცოდინება ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია, დავადგინოთ, რა შეიძლება იყოს სიცხის მიზეზი, ამდენად თერმოსკრინინგი იმუშავებს კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესში". – თქვა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები