საქართველო 8 ერში

8 ერში საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიის ნაკრებს ჩაანაცვლებს

Reuters

8 ერზე საქართველო იაპონიას ჩაანაცვლებს და ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა როცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გარეთ საქართველო ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. ჯგუფში საქართველო უელსთან და ირლანდიასთან მოხვდა.

საქართველოს ნაკრების 8 ერის ტურნირში ჩართვა ოფიციალურად მომავალ ორ კვირაში უნდა დადასტურდეს. რის შემდეგაც, საქართველო ინგლისს 14 ნოემბერს თვიქნემის სტადიონზე შეხვდება. ორი ნაკრებისთვის ეს მესამე დაპირისპირება იქნება. საქართველო და ინგლისი ერთმანეთს 2003 და 2011 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე შეხვდნენ.

მეორე ჯგუფში შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი მოხვდნენ. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს 5 დეკემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან. 

თავდაპირველად ერთ ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსი და ფიჯი მოხვდნენ. იაპონია კი შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად იყო ჯგუფში. თუმცა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს იაპონიაში პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გამო იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, ჯგუფების შემადგენლობა გადახალისდა.

იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა სამხრეთ ჰემისფეროს ქვეყნების ნაკრებებს ევროპაში მოგზაურობის საშუალებას არ აძლევს, 8 ერის ტურნირი შემოდგომით დაგეგმილ სატესტო სერიებს ანაცვლებს.

ინგლისის რაგბის კავშირი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ პანდემიის მიუხედავად გულშემატკივრები თამაშებზე დასწრებას შეძლებენ. სოციალური დისტანციის წესების დაცვით თვიქნემის სტადიონზე თამაშებზე 40 000-მდე ადამიანმა უნდა შეძლოს დასწრება.

კომენტარები