არჩევნები 2020

ISFED: საარჩევნო პერიოდში მასშტაბურია ხელისუფლების მხრიდან სოციალური პროექტების ინიცირება

0 კომენტარი
ფოტო: ReformAustin.org

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა.

მათი თქმით, პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას, რომ  ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და მათი მოტივი არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა.

"ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია - ქართული ოცნება ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, რიგი საჯარო ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მიღებასა და კონკურენტ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზეა ორიენტირებული".- აცხადებს ორგანიზაცია. 

მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების არსებობა, თუმცა, მსგავსი პროგრამები ერთიანი, გააზრებული სოციალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

ISFED-ის თქმით, წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამებია:

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიხედვით, ათასამდე სამოქალაქო პირს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ, სამი წლისა და მეტი ვადით არსებული ხანდაზმული, 1 600 000 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერებათ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, ითვალისწინებს ცვლილებებს 3 კანონში: „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამივე კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან.

ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა.

ISFED-ის ​ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები