კორონავირუსი საქართველოში

პაატა იმნაძე: ვაქცინა ალბათ მალე იქნება

Tv იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "მალე იქნება" მზად.

"არა მგონია, ამ ზამთარში უკვე ვაქცინა არ იყოს. კარგი მონაცემებია, მესამე ფაზის კვლევაშია უკვე, ასე რომ ვაქცინა ალბათ მალე იქნება.

ვაქცინა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენც ცოტა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ელემენტარული წესები - ნიღაბი, დისტანცია". – თქვა იმნაძემ TV იმედის ეთერში.

საქართველო ოქსფორდის და Astrazeneca-ს ერთობლივი წარმოების ვაქცინას იყიდის, რომელიც მესამე ფაზის კვლევებში, ყველაზე წინა ეტაპზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე, მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით 700 000 დოზა ვაქცინა უკვე შეუკვეთა. 

"31 აგვისტოს ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია. შევუკვეთეთ ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ასე იძლევიან... დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როცა ვაქცინა დამტკიცდება.

18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი. ამით, გარანტირებული იქნება, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის". – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 45 - ბოლო ერთ დღეში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები