გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურორი: შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციაში მომზადებულები მოვიდნენ

პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოებში მომზადებულები მივიდნენ. მისივე თქმით, მათ პოლიციაში მისვლისას დაჭრილი ჰქონდათ ფრჩხილები, ასევე, ტელეფონებიდან წაშლილი ჰქონდათ ინფორმაცია, რათა გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მოესპოთ. 

"ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე, რა თქმა უნდა, ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტიურად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მათ უკვე იცოდნენ წინასწარ, რომ მათ ტანსაცმელზე კვალი არ იქნებოდა. 

მათ არამხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავიანთ სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ". –ამბობს პროკურორი. 

მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში ორი ხელკეტი ფიგურირებს, ერთი, რომელიც მერსედესის მგზავრს ეჭირა და მეორე, რომელიც ამოღებული იქნა ერთერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თუმცა, პოლიციელის თქმით, მეორე ხელკეტი არც ცემის ფაქტებში, არც აგარაკის ეპიზოდში და, არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს. 

თუმცა, მეორე ხელკეტზე ექსპერტიზის შედეგად ბრალდებულის, ნიკა ჟვანიას დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ამ გარემოებას პროკურორი შემდეგნაირად ხსნის:

"უნდა გავმიჯნოთ ჩვენ სხვადასხვა ექსპერტიზები. ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა დნმ-ის კუთხით, ბიოლოგიური ექსპერტიზა, ამ კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ბრალდებულის კვალი, რომელსაც ეკავა ეს ხელკეტი - ნიკა ჟვანიას, ამოვიდა ამ ხელკეტზე, თუმცა იქ საუბარი იყო ანაბეჭდებზე, რაც შეეხება მიკრონაწილაკურ ექსპერტიზებს, ეს არის სავარაუდო ექსპერტიზა, ზოგადად და იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე შეფერილობის და ქსოვილის ტანსაცმელი გვაცვია ადამიანებს, შესაძლებელია, რომ ექსპერტმა დაადგინოს, რომ ეს ბოჭკო ნებისმიერ ჩვენგანს ეკუთვნის". – ამბობს პროკურორი. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები