არჩევნები 2020

გოგორიშვილი: სუს-ი ყველაფერს ცდილობს, რათა გაუქმდეს ევროპული საქართველოს რეგისტრაცია

ევროპული საქართველოს წევრი, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნას ეხმაურება.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მოთხოვნა, რომ ევროპული საქართველო მოიხსნას რეგისტრაციიდან, აბსურდულია, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ევროპული საქართველო თანაბარ საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენდნენ ბლოკში. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, სუსი და სუსის აგენტები ცდილობენ შეზღუდონ ის პარტია, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

"ევროპული საქართველო არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი სიტუაცია, როგორ უნდა დამარცხდეს უმუშევრობა და სიღარიბე და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი და სუს-ის აგენტებიც თავისი სატელიტი პარტიებით ყველაფერს ცდილობს, რათა გაუქმდეს ევროპული საქართველოს რეგისტრაცია.

თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, სამართლებრივად იმდენად გამართული საკითხია, რომ, როგორც პირველ ინსტანციაში, იმედი მაქვს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ რეგისტრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ევროპული საქართველო იყო ისეთივე თანაბარი სუბიექტი საარჩევნო ბლოკისა, როგორც ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, წარდგენა ორივე პარტიიდან თანაბრად მოხდა". – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

კომენტარები