აშშ-ჩინეთი

ორტაგუსი: კონფუცის ინსტიტუტები ჩინეთის კომპარტიის პროპაგანდისტული ცენტრებია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა, განაცხადა, რომ ჩინური კონფუცის ინსტიტუტები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდისტია.

"პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით ამ კონფუცის ინსტიტუტებთან მიმართებით, იყო ის რომ საგარეო მისიებად გამოვაცხადეთ. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უფლებას ვაძლევთ 65 კონფუცის ინსტიტუტს და 500 სატელიტს [იყვნენ] ქვეყნის მასშტაბით კამპუსებში. ჩვენ გვინდა, რომ ამ უნივერსიტეტებმა, ხალხმა იცოდეს, რომ როდესაც ისინი კონფუცის ინსტიტუტებში შევლენ, ისინი არ შედიან მშვიდობიან კულტურულ ცენტრებში, ისინი შედიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდისტულ [ცენტრებში]".

მან კონფუცის ინსტიტუტებზე საუბრისას გაიხსენა ცოტა ხნის წინ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება:

"არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ დავხურეთ ჩინეთის საკონსულო ჰიუსტონში, მხოლოდ ამის გამო, რადგან ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ ეს იყო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისთვის, აშშ-ს სამედიცინო კვლევითი უნივერსიტეტებიდან და საავადმყოფოებიდან". – აღნიშნა მან. 

13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა. პომპეო წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტს ცნობს "იმად, რაც არის: ორგანიზაციად, რომელიც ავრცელებს პეკინის საერთაშორისო პროპაგანდას და უარყოფითი გავლენის კამპანიას აშშ-ს კამპუსებსა და K-12 კლასებში".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, აშშ-ს უნივერსიტეტების კამპუსებში ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტები წლის ბოლომდე დაიხურება.

ივლისში აშშ-ში, ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო დაკეტეს. დახურვის მიზეზად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვა დაასახელა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ ინტელექტუალურ საკუთრებასაც იპარავს, რაც მათ ასობით ათასი სამუშაო ადგილის ფასად უჯდებათ. ამის შემდეგ, ჩინეთმა ჩენტუში აშშ-ს საკონსულო დახურა.

ამას გარდა, აშშ-მ განაცხადა, რომ მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან დასტური დასჭირდებათ იმისთვის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს ეწვიონ და შეხვდნენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. ჩინეთის საელჩოების ან საკონსულოების მიერ საგარეო მისიების უძრავი ქონების გარეთ 50 ან მეტ ადამიანთან კულტურული შეხვედრების გამართვას ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური დასჭირდება.

კომენტარები