უცხოური ინვესტიციები

უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ძალიან იმედის მომცემია - გაგუა 0.5%-იან ზრდაზე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლები შეაფასა.

როგორც გაგუამ აღნიშნა, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა.

"ძალიან იმედის მომცემია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. ყველა ის რეფორმა, ღონისძიება, რომელიც COVID-19-ის პერიოდში მთავრობამ გაატარა, ბევრმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის სტანდარტები.

ბუნებრივია, ეს უნდა აისახოს ახალ ინვესტიციებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ გასულ წელსაც არ გვქონია დაბალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. გასულ წელს ამ მონაცემმა მშპ-ს, დაახლოებით, 7% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენცია, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში". – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ორივე კვარტლის მონაცემების დაჯამებით საქართველოში სულ 409,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 237,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით მეტია. 

 

კომენტარები