კორონავირუსი საქართველოში

რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი? - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განმარტა, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი.

პოლიტმეტრის წამყვანმა მას ჰკითხა, თუ აქამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტი უფრო ნაკლები შემთხვევების გამო იკეტებოდა, რატომ არ ეხება იგივე ზომები აჭარას.

"მაშინ გახლდათ პანდემიის ახალი დასაწყისი და ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები გახლდათ სწორედ ამ ტიპის - ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები. ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემია არის, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. სერიოზულად გავაფართოვეთ კონტაქტების კვლევა, გავაფართოვეთ PCR ტესტირება, თუ მარტში დღეში დაახლოებით 100-150 PCR კვლევას ვაკეთებდით, დღეს ვაკეთებთ 6000-დან 7000-მდე კვლევას. ამას ემატება კიდევ 1 500-მდე სწრაფი ტესტების ყოველდღიური კვლევა, ანუ ვცდილობთ, რომ არც ერთი ინფიცირებული არ გაგვეპაროს." – თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამოვლენა ტესტირებების გაფართოებას, ამირან გამყრელიძემ თქვა:

"არა, იმიტომ რომ ეს რამდენიმე მეთოდით კონტროლდება - საავადმყოფოებში პნევმონიების არსებობით, ცხელებით მიმდინარე დაავადებების... ამას ყველაფერს თავისი ლოგიკური განვითარების ჩარჩო აქვს. გარდა მაგისა, ამ ხნის განმავლობაში ვირუსის აგრესიულობა გლობალურადაც უფრო შესუსტდა, თუ გაზაფხულზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალურად იყო 7%, დღეს არის 3.3%, გარდა ამისა ჩვენ სამედიცინო პერსონალმაც უკეთესად ვისწავლეთ დაავადებების მართვა. მაგალითად, გაზაფხულზე თუ შემთხვევების უფრო მეტი პროცენტი იყო მძიმე და კრიტიკული, დღეს უფრო მეტი გვაქვს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის. დღევანდელი მონაცემით სულ 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანია საავადმყოფოებში და სამი გვყავს მხოლოდ კრიტიკული".

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები