არჩევნები 2020

Isfed: 1 თვეში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 6 - ოცნების მხრიდან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი გამოვლინდა. ორგანიზაციის ცნობით, აქედან 6 ქართულ ოცნებას, 3 - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 3 - თავისუფალ საქართველოს, 2  - პატრიოტთა ალიანსს, 1-1 კი, ძალა ერთობაშიას, ქართულ იდეას და ევროპულ საქართველოს უკავშირდება. Isfed-მა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად ჩათვალა სენაკში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე ევროპული საქართველოს პარტიული შეხვედრა და კოორდინატორებისა და აქტივისტებისთვის გაშლილი სუფრა. 

ქართული ოცნება

  • 1 სექტემბერს, ფოთში, Maltakva Beach Fest-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას ქართული ოცნების ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. მან გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, I ადგილზე გასულებს - 2000 ლარი, II - 1500 ლარი, III - 1000 ლარი, ჯილდოები გადეცათ, ასევე, საუკეთესო თავდამსხმელს, მეკარესა და მსაჯს. ტურნირის ინიციატორი და მხარდამჭერი ხახუბიას ოჯახი იყო. ფულადი ჯილდოების სპონსორ შპს აისბერგი 2-ის 25%-იანი წილის მფლობელი მოქმედი მაჟორიტარი და ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბიაა.
  • 5 აგვისტოს, ქობულეთში, ინფორმაცია გავრცელდა ქართული ოცნების მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეული, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქცია აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით დარიგდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსაც დაევალა დახმარების გადანაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე, პროდუქცია მამის კუთვნილ ფართში დაასაწყობა და იქედან გასცემდა. რადგანაც დავით ზოიძემ არ აუხსნა მოსახლეობას დახმარების წყარო და მიზანი, ადგილობრივებმა ეს ქართულ ოცნებას დაუკავშირეს. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან, ქართული ოცნების ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მისი პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობა გამორიცხა.
  • 25 ივლისს, აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში შანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის და შპს შანის დირექტორის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აბაშის მერიის ფეისბუქ-გვერდზე. აქციის შესახებ, ერთ-ერთი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ექიმების მაგიდაზე ნათლად ჩანს ქართული ოცნების დროშა. აქციის ფარგლებში, სამასამდე ბენეფიციარს გაეწია მომსახურება. მერიის წარმომადეგნელმა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს უთხრა, რომ კონკრეტულ აქტივობაში მერია არ მონაწილეობდა, უბრალოდ, შპს შანს დაეხმარა ორგანიზებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში და დასძინა, რომ უზრუნველყვეს მოსახლეობის ტრანსპორტირებაც, რათა აბაშის მოსახლეობას, რომელსაც შორ მანძილზე გადაადგილება უჭირდა, გაადვილებოდა სამედიცინო შემოწმებაში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც განხორციელდა მსგავსი აქტივობა. შპს შანის დირექტორი ნანა შენგელია, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისას, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო.
  • 5 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოქმედი მაჟორიტარი და დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის გაერთიანებულ ოლქში, გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მონაწილეობდა ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში სოფელ ჭიორაში 75, სოფელ გლოლაში -160 და სოფელ ღებში - 250 ოჯახისთვის. დახმარებისთვის თანხა მუნიციპალური სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
  • 22 აგვისტოს, მარნეულში, მაჟორიტარი კანდიდატი, ზაურ დარგალი, პრემიერმინისტრთან და ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, აღსაკალებს შეხვდა. შეხვედრა ხილითა და ტკბილეულით გაწყობილი სუფრის ფონზე მიმდინარეობდა.
  • 22 აგვისტოს, ხელვაჩაურში, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია ქართული ოცნების დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა. კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.- მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვისას ჩაენიშნა შეჭირვებული ოჯახების სია, რომელსაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიაწვდის ქართულ ოცნებას და, ამის შემდეგ, პარტია ამ ოჯახებს მედიკამენტებს და სხვა ფასიან საჩუქრებს გადასცემს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

  • 3 აგვისტოს, მარნეულის სოფელ დაშტაფაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო კამპანია ჩაითა და ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით წარიმართა. ფოტოები, ენმ–ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აგილ მუსატაფაევმა თავის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
  • დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, ონლაინ რეგისტრაციას უფასოდ. დედოფლისწყარო ენმ/Dedoplistskaro UNM-ს ცნობით, 20 აგვისტოდან ფეისბუქ გვერდზე განთავსდება თითოეულ სოფელში საკონტაქტო პირი, ვინც უფასოდ დაარეგისტრირებს მსურველებს.
  • 11 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორში ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება, 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბასიშვილმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის ორგანიზაციის პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. პარტიის წარმომადგენლის ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ვინაიდან არჩევნების თარიღი სურსათის დარიგების მომენტისთვის გამოცხადებული არ იყო და არც ბადრი ბასიშვილია დასახელებულა კანდიდატად, ისინი პროდუქტების გადაცემას მოსყიდვად არ მიიჩნევენ.

თავისუფალი საქართველო

  • 2 აგვისტოს, გლდანში გამართულ შეხვედრაზე, თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა იაფი მედიკამენტების პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება პარტიის მიერ. კერძოდ, თავისუფალ საქართველოს გარკვეული დასახელების მედიკამენტები თურქეთიდან შემოაქვს და საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებზე იაფად ყიდის. პარტიას აქვს შექმნილი აფთიაქიც. კახა კუკავამ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა დარიგებულ ბროშურებში გაცნობოდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროგრამის შესახებ, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ეხება იაფ მედიკამენტებს. ბროშურაში მოცემულია გარკვეული პრეპარატების სია, აღნიშნულია წამლების აფთიაქში არსებული ფასი და, ასევე, პარტიის მიერ შეთავაზებული უფრო დაბალი ფასი. საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ მედიკამენტების ვრცელი სია მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ პარტიის ვებგვერდზე, ან კონკრეტულ სატელეფონო ნომერზე დარეკონ. თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელის თქმით, მედიკამენტები უფასოდ არ რიგდება, იყიდება და ამაში პარტიას არანაირი მოგება არ აქვს. კახა კუკავას განცხადებით, მსგავსი პროგრამის განხორცილებას გეგმავს საწვავზეც.
  • 10 აგვისტოს, კახა კუკავამ ვილნიუსის ბაღში მოსახლეობას მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი ჯალაღონია წარუდგინა. კუკავამ, შეხვედრაზე მყოფ ხალხს, განუცხადა პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის დანერგვის შესახებ. მისი თქმით, პარტიამ თურქეთიდან შემოიტანა გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს იაფად, თურქეთში არსებული ფასით. მისი განცხადებით, აფთიაქები რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ სააფთიაქო ბაზარი, გაცილებით ძვირად ყიდიან აღნიშნულ მედიკამენტებს. კუკავას განცხადებით, მათ შემოიტანეს მედიკამენტების სოლიდური რაოდენობა, მათ შორის, წამალი გულით დაავადებული ადამიანებისთვის, რომელიც თურქეთში 70 ლარი, ხოლო საქართველოს სააფთიაქო ქსელებში - 220 ლარი ღირს.
  • 15 აგვისტოს თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ ვარკეთილის 3ა მკრ-ში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა პარტიის მიერ ინიცირებულ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც პარტია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

პატრიოტთა ალიანსი

  • 6 აგვისტოს, ბათუმში, მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კარფურისა და ირმა ინაშვილის მხარდაჭერით სასურსათო კალათები დაურიგეს, მათ შორის: 40 კალათა დარიგდა დრამატულ თეატრში, 14 – თოჯინების თეატრში და 23 - მუსიკალურ ცენტრში, ჯამში გაიცა 77 კალათა. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან საუბრისას, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა სურსათის დარიგება, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსში ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. დახმარების შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა თანადგომის კიდევ ერთი ეტაპი, საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ირმა ინაშვილის და პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერით განხორციელდა, სურსათის კალათები, ბათუმის გარდა, დარიგდა ქუთაისსა და ოზურგეთშიც.
  • ოზურგეთში, 6 აგვისტოს, სასაჩუქრე სურსათის კალათა, ირმა ინაშვილისა და პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერით, ადგილობრივი ფოლკლორის ცენტრის და ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა მიიღეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. თუმცა, ოზურგეთში პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა ეს კატეგორიულად უარყო. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები და ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის ადმინისტრაცია ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ სასურსათო კალათები პატრიოტთა ალიანსისგან მიიღეს.

ევროპული საქართველო

  • 5 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში ციხე-გოჯის ტერიტორიაზე პარტია ევროპულმა საქართველომ მათი თქმით, პარტიის კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეკრება გამართა. შეხვედრის შემდგომ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სუფრა მხოლოდ წევრებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი.

ძალა ერთობაშია

  • 1 სექტემბერს, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სარეკლამო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს. განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა 100), კოპმანია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ფასით. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. კომპანია დაინტერესებულ მომხმარებლებს სთავაზობს დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. „შპს პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მფლობელი მაჟრიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილია, რომელიც, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში ძალა ერთობაშიას ბლოკის სახელით იყრის კენჭს;

ქართული იდეა

  • 19 აგვისტოს, პ/გ ქართული იდეის თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს. ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დასახმარებლად, 45 000 ლარი რუსეთის მოქალაქემ გაიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება როგორც პრიმაკოვის ფონდის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის, ასევე, პ/გ ქართული იდეას თავმჯდომარის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში 8 სექტემბერს წარმოადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები