კრიმინალი

სტუმრების ცემის გამო Skygirls Bar-ის მე-5 თანამშრომელიც დააკავეს

Iviko Pruidze/Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრების ცემის გამო Skygirls Bar-ის მე-5 თანამშრომელი, 1983 წელს დაბადებული ლ.ც. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ". – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით". –წერია განცხადებაში. 

Skygirls Bar-ში სტუმრების ცემის საქმეზე ბარის მენეჯერი და დაცვის წევრები არიან დაკავებული.

კომენტარები