ახალი კორონავირუსის ვაქცინა

COVID-19-ის ოქსფორდის ვაქცინის ტესტირება მოხალისის ავადმყოფობის გამო დროებით შეჩერებულია

Reuters

ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდის პროცესი დროებით შეჩერებულია. მიზეზი კვლევის ერთერთი მონაწილის ჯანმრთელობის პრობლემებია.

AstraZeneca-ს განმარტებით კვლევის მონაწილის ჯანრთელობის მდგომარეობის უცნობი მიზეზით გაუარესების დროს ვაქცინის ტესტირების პროცესის დროებითი შეჩერება რუტინული პროცედურაა.

New York Times-ის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილე მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ანთებითი სინდრომით არის გამოწვეული, რომელიც ზურგის ტვინი ნერვული სისტემის მთავარი ორგანოს ანთებას იწვევს. სინდრომის მიზეზი შესაძლოა ვირუსული ინფექციით იყოს გამოწვეული.

თუმცა ავადმყოფობის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. შემთხვევაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება, რომელიც გაარკვევს არის თუ არა მოხალისის ავადმყოფობა ვაქცინასთან დაკავშირებული.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის განმარტებით ვაქცინის გამოცდის პროცესი ჩერდება, როცა კვლევის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველ ეტაპზე გაურკვეველი მიზეზებით უარესდება. ოქსფორდის  და AstraZeneca-ს ვაქცინის ტესტირების პროცესი უკვე მეორედ შეჩერდა დროებით. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის სპიკერის განცხადებით, ფართო კვლევების დროს არ არის უჩვეულო კვლევაში მონაწილე მოხალისეებს სხვადასხვა ავადმყოფობა გამოუვლინდეს. თითოეული შემთხვევა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მოწმდება, რათა გამოვლინდეს დაკავშირებულია თუ არა ავადმყოფობდა ვაქცინასთან.

საბოლოო გადაწყვეტილებას ვაქცინის ტესტირების პროცესის განახლების შესახებ მედიკამენტებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება სულ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის რწმენით, ეს პროცესი ცხადყოფს რომ ვაქცინის გამოცდა უმაღლესი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და მკვლევართა გუნდისთვის მოხალისეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს.

Wellcome Trust-ის დირექტორის სერ ჯერემი ფარარის განცხადებით ვაქცინების ტესტირების დროებითი შეჩერება ხშირად ხდება. ჯერემი ფარარი ექსპერტია ინფექციური დაავადებების კონტროლის საკითხებში. მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები სერიოზულად იქნეს აღქმული. ჯერემი ფარარმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმების მნიშვნელობას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები თავისუფლად და გამჭვირვალედ ზიარდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ნდობა, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია" - ამბობს ჯერემი ფარარი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის შესაძლოა COVID-19-ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება. ვაქცინამ წარმატებით გაიარა ტესტირების პირველი და მეორე ეტაპი.

რამდენიმე კვირის წინ ტესტირების მესამე ეტაპიც დაიწყო. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპში 30 000 ადამიანი მონაწილეობს.

კომენტარები