რუსეთი

რუსული ოპოზიციური ჯგუფის "ღია რუსეთის" ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა

0 კომენტარი
ფოტო: «Открытая Россия» / Facebook

ოთხშაბათს მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციური ჯგუფის ღია რუსეთის ოფისში რეიდი ჩაატარა. პოლიციამ, ასევე, გაჩხრიკა რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტის სახლები. კრემლის კრიტიკოსებმა პოლიციის ქმედებები ოპოზიციის დაშინების მცდელობად შეაფასეს.

რუსეთში ზოგიერთი ოპოზიციონერი აქტივისტი გაერთიანებული დემოკრატების ჯგუფის სახელით გაერთიანდა, რათა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტოქეობა გაუწიონ რუსეთის მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს

პოლიციამ შვიდი აქტივისტის სახლები გაჩხრიკა ვლადიმირის, ივანოვოსა და ტატარსანის რეგიონებში. ეს აქტივისტები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ან საარჩევნო კამპანიებს ეხმარებიან.

ჯგუფს ღია რუსეთი მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს. ხოდორკოვსკის განცხადებით, ჩხრეკა დაკავშირებულია ნავთობის კომპანია Ю́КОС-ის კრიმინალურ გამოძიებასთან, რომელიც ხოდორკოვსკის ეკუთვნოდა და 2007 წლის შემდეგ აღარ არსებობს.

პოლიციამ ასევე გაჩხრიკა მოსკოვში МБХ მედიის სარედაქციო ოფისი. МБХ მედიასაც მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს.

"აშკარაა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები და გაერთიანებული დემოკრატების ოფისები Ю́КОС-თან არაა დაკავშირებული ეს არის სახელმწიფოს მხრიდან წნეხი და უკანონო ქმედებები, რომლებიც ერთიანი რუსეთის ინტერესებს ემსახურება". – განაცხადა ღია რუსეთის აქტივისტმა, ანასტასია ბურაკოვამ

სამშაბათს ნოვოსიბირსკში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოფისს თავს დაესხნენ. 8 სექტემბერს, დილით, არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის გამართული ლექციის დროს ოფისის შენობაში კაცი შეიჭრა, მას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. თავდამსხმელმა მძაფრი სუნის სითხის შემცველი 200-მილილიტრიანი ბოთლი იატაკზე დაანარცხა და შემდეგ გაიქცა. თავდამსხმელის თანამზრახველი მას ქუჩაში ელოდებოდა. ინფორმაცია სერგეი ნავალნის შტაბის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ გაავრცელა.

რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საერთაშორისო კრიტკის სამიზნე განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს.

ალექსეი ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

ალ​ექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკაში შარიტე გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები