კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე შეზღუდვებზე: ქორწილი ყოფითი მოვლენაა, არჩევნები კი ქვეყნის ბედს წყვეტს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რატომ შეიზღუდა ქორწილები, ქელეხები და სხვა ღონისძიებების გადახდა და არა საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული აქტივობები.  

როგორც მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში აღნიშნა, რომ ქორწილი ყოფითი მოვლენაა, ხოლო არჩევნები ქვეყნის ბედს განსაზღვრავს. 

"ქორწილი, რამდენადაც ქართული ტრადიციის ზეიმია, დასამახსოვრებელია, შეიძლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც დასამახსოვრებელიც იყოს. მისი მნიშვნელობა არ სცდება რიგით, ყოფით მოვლენას. ეს მაინც ოჯახის, სამეგობრო წრის პრობლემაა. ქორწილი მთლიანად კი არ აკრძალულა, 200 კაცამდეა დაშვებული. ქორწილი ყოველდღე შეიძლება, ჩატარდეს... არჩევნები კი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნის ბედს წყვეტს. ეს არის ქვეყნის განმსაზღვრელი მოვლენა. მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს ეს არჩევნები".- ამბობს ცერცვაძე. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება. აქამდე ეს რეგულაცია მხოლოდ დახურულ სივრცეებს ეხებოდა, ახლა კი ღია სივრცეებზეც გავრცელდება. რეგულაციის არშესრულების შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, იკრძალება სოციალური ღონისძიებების (ქელეხი, ქორწილი, იუბილე) ღია სივრცეში ჩატარებაც. რაც შეეხება თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრებს, მათი გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო. 

 

 

კომენტარები