განათლების სამინისტრო

თუ მასწავლებელს დისტანციურად სწავლების საშუალება არ ექნება, სკოლამ სივრცე უნდა გამოუყოს

edu.aris.ge

მასწავლებლებს, რომლებსაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცეები უნდა გამოუყოს. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს დამტკიცებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესებსა და პირობებს ეხება.

"სკოლა ვალდებულია, გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი". – წერია ბრძანებაში. 

ბრძანების მიხედვით, სკოლა ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ასევე, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

"იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად". – წერია დოკუმენტში.

კომენტარები