ქორწილების აკრძალვა

შევარდნაძე: 2 დღით ადრე რომ მცოდნოდა ქორწილების რეგულაციაზე, ასე არ ვიზარალებდით

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე წერს, რომ ქორწილი, რომელიც მის სივრცეში 1 თვის განმავლობაში იგეგმებოდა, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო ჩაიშალა.

შევარდნაძის თქმით, ქორწილი დღეს უნდა ყოფილიყო, ყველა ხარჯი უკვე გაღებული იყო, თუმცა ღონისძიება ვეღარ შედგება.

"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჟებოდა ახალად შექმნილი, ძალიან სიმპათიური ოჯახი". - წერს შევარდნაძე.

მისივე თქმით, ქორწილების აკრძალვის რეგულაციის შესახებ ორი დღით ადრე მაინც რომ სცოდნოდა, იმხელა ზარალი არ ექნებოდა, როგორც დღეს.

"ვეჭვობ, შაბათის, კვირის  და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით". - წერს შევარდნაძე.

გუშინ, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 10 სექტემბრიდან შევიდა.

კომენტარები