კორონავირუსი საქართველოში

ბასიანის დამფუძნებელი: ისედაც კრიზისში მყოფი კულტურული სექტორი ამხელა წნეხს ვეღარ გაუძლებს

ტაბულა

კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი, Facebook-ზე მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 10 სექტემბრიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცისქვეშაც იკრძალება. 

ორაშვილი წერს, რომ ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი შემოქმედებითი და კულტურული სექტორი ამხელა სანქციებს და წნეხს ვეღარ გაუძლებს.

"სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ უიმედო და გაუსაძლის რეალობაში, როდესაც სამომავლო გეგმების დასახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელი ხდება.

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით იკრძალება ღიაცისქვეშა კულტურულ, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტის დასწრება. თეატრების და კინოთეატრების გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ისევ უმუშევრად რჩება ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი. დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება ან პოლიციის მიერ იქნება ჩაშლილი.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუციას, მთელი დღის განმავლობაში შრომის ინსპექცია კვების და ბარის ობიექტებს ახალი რეგულაციების და სანქციების შესახებ ამცნობს. სამწუხაროდ, აღსრულების ნაწილი ისევ პოლიციას დაევალა, თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა სივრცე (ბარი, რესტორანი, ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ზონები) გააფრთხილეს, რომ ღამის 12 საათის შემდეგ პერსონალის გამოკლებით მხოლოდ 10 ადამიანი (?) უნდა იმყოფებოდეს სივრცეში, თუ არადა მოუწევთ ამ ობიექტის დახურვა.

სანქციები მაღალია (10 000 ლარი), თან სისხლის სამართლის კანონი მოქმედებს. ამასთან ერთად, შრომის ინსპექციას COVID19 უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ნებისმიერი ობიექტის დახურვის კანონით მინიჭებული უფლება აქვს.

მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია, რადგან ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი შემოქმედებითი და კულტურული სექტორი ამხელა სანქციებს და წნეხს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.

სამწუხაროდ, დახურული სივრცეების ბედი უკვე გასაგები და ტრაგიკულია". - წერს ნაჯა ორაშვილი. 

აქამდე ეს რეგულაცია მხოლოდ დახურულ სივრცეებს ეხებოდა, ახლა კი ღია სივრცეებზეც გავრცელდება. რეგულაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, იკრძალება სოციალური ღონისძიებების (ქელეხი, ქორწილი, იუბილე) ღია სივრცეში ჩატარებაც. რაც შეეხება თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრებს, მათი გახსნა 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო

კომენტარები