არჩევნები 2020

ვაშაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარდგენაზე: კუზიანს სამარე გაასწორებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მიერ საარჩევნო სიების წარდგენასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის გამოსვლებს დღეს ფასი არ აქვს, რადგან რვა წლის მანძილზე მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს. ვაშაძე თვლის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან და ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანი 31 ოქტომბერს ძალიან მარტივია.

"რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქართული ოცნების სიაში. ნუთუ რამეს ელოდება ხალხი გუნდისგან, რომელმაც რვა წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეასრულა. საერთოდ, რა ფასი აქვს მათ გამოსვლებს. ერთადერთი, რასაც აქვს
ფასი, ეს დღევანდელი პრემიერმინისტრის ქვეცნობიერი წამოცდენაა: "მორჩა ახლა ფულის კეთება, საქმე დავიწყოთო". კუზიანს სამარე გაასწორებს – ეს გამოთქმა ყველასთვის ნათელია. ეს ხალხი ამ ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები
არ არიან, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა, მორჩა და დამთავრდა!". –  ამბობს გიორგი ვაშაძე.

ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს დღეს, 10 სექტემბერს წარადგენს.

კომენტარები