არჩევნები 2020

გირჩი: წინასაარჩევნო შეხვედრები შეიძლება მოიცავდეს მუსიკას, ალკოჰოლს, რიტუალების ჩატარებას

გირჩი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრები შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და, გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა". – ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალა. გადაწყვეტილება 10 სექტემბრიდან შედის ძალაში.

ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და კამპანიას.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას". – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე. 

კომენტარები