არჩევნები 2020

მდინარაძე: სპორტსმენები ვერ არიან კარგი პარლამენტარები თუ რატომ გაჩნდა კითხვები?

ტაბულა

"რატომ, სპორტსმენები ვერ არიან კარგი პარლამენტარები თუ რატომ გაჩნდა კითხვები?" - ასე უპასუხა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კითხვას, რომელიც ვიქტორ სანიკიძის და დავით კაჭარავას საარჩევნო სიის ოცეულში ყოფნას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, კალათბურთელი და მორაგბე იმიტომ არიან საარჩევნო სიაში, რომ "თავის სამშობლო უყვართ, იმიტომ, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდათ, იმიტომ, რომ სამაგალითოები, მისაბაძები არიან, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება".

პარლამენტის ვიცესპიკერის შეფასებით, ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ძალიან ბევრს" გააკეთებენ სპორტში საკანონმდებლო მიმართულებით.

"ასევე ძალიან ბევრი უნდა გააკეთონ აღსრულების კონტროლის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს მომავალი, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მომავალი გადის სიჯანსაღეზე. ეს ადამიანები მოწოდებულები არიან, იმაზე იზრუნებენ, რომ თავის პირადი მაგალითი იყოს მაგალითი ქვეყნისთვის, იყოს განვითარება განსაკუთრებით ამ მიმართულებითაც". - თქვა მდინარაძემ.

კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13, ხოლო მორაგბე დავით კაჭარავა მე-16 ნომერია. კაჭარავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, ვიქტორ სანიკიძემ კი თქვა, რომ სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ ქართული ოცნების გუნდში ყოფნა მისთვის ახალი გამოწვევაა. მან არ უპასუხა ტაბულას კითხვას, რა თემებზე აპირებს მუშაობას პარლამენტში.

კომენტარები