კორონავირუსი საქართველოში

თამარ გაბუნია: ბათუმის კარანტინში მოქცევა არ არის გამართლებული, ამის საჭიროება არ არის

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში, ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებულთა მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა. გაბუნიას თქმით, ამჟამად საქართველომ "მწვანე ზონიდან" უკვე "ნარინჯისფერ ზონაში" გადაინაცვალა. 

გაბუნიას თქმით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა მაჩვენებლით ყოველ ასი ათას მოქალაქეზე კოეფიციენტი 10,2-ს უტოლდება, რაც განგაშის საფუძველს არ იძლევა. 

ამასთანავე, გაბუნიამ ილაპარაკა აჭარასა და ბათუმზე, სადაც ახალი შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა. გაბუნიას თქმით, მკაცრ კარანტინში ბათუმისხელა ქალაქის მოქცევა არც გამართლებულია და არც ამის საჭიროება დგას.

"ბათუმისნაირი დიდი დასახლებული პუნქტის კარანტინში მოქცევა არ არის გამართლებული, რადგან დიდხანს ამას ვერ შეინარჩუნებ და შიგნით ვირუსის გავრცელება მაინც მოხდება."

გაბუნია, ასევე, განმარტავს, რომ, გაზაფხულისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ტესტირების მეტი რესურსი აქვს და ეს უკვე გამორიცხავს მასშტაბური კარანტინისა და ჩაკეტვების აუცილებლობას.

"დღეს ტესტირების მეტი შესაძლებლობა გვაქვს და შეგვიძლია, რომ სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი და შემდეგ მისი იზოლირება მოვახდინოთ. ამ პირობებში ესეთი ჩაკეტვის და მასშტაბური კარანტინის საჭიროება უკვე აღარ არის. ეს იყო თავიდან, როდესაც ტესტირების შესაძლებლობა იყო ძალიან შეზღდული და დღეში 100-150-ზე მეტი ტესტი არ გვქონდა." - ამბობს გაბუნია. 

ამასთანავე თამარ გაბუნია მიუთითებს, რომ, შესაძლოა, საჭირო გახდეს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების დაწესება, რომელიც მიმართული იქნება "იმ წყაროების აღსაკვეთად, რომელიც ვირუსს კვებავს."

კომენტარები