კორონავირუსი საქართველოში

საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც სწავლა დაწყებულია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

thedailysheeple.com

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებები, სადაც სწავლა დაწყებულია, 15 სექტემბრიდან ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდნენ, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ.

"თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და
უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. 

განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება". – თქვა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებსა და პირველკლასელთა კომპიუტერების გადაცემას სკოლები გაუწევენ ორგანიზებას. 

"სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება. მოსწავლეებისათვის გადაცემა კი ეტაპობრივად უკვე დაწყებულია, რასაც თავად სკოლა უწევს ორგანიზებას". – აღნიშნავს დგებუაძე.

ეკატერინე დგებუაძის ცნობით, განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა
სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა.

"სამინისტრომ საჯარო სკოლები ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა - მათ შორის, პირბადეებით,
დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით". – ამბობს დგებუაძე.

გადაწყვეტილება ექვს ქალაქს, თბილისს, რუსთავს, გორს, ქუთაისს, ზუგდიდსა და ფოთს ეხება. ამ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება.   

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები