ჩაკეტილი საზღვრები

რეგულარული ფრენების აღდგენა ამჯერად 1 ნოემბრამდე გადაიდო - ავიაციამ ახალი ნოტამი გამოსცა

0 კომენტარი

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. საავიაციო სააგენტომ ახალი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, შემდეგ 1-ელ ოქტომბრამდე, ხოლო ახლა -  კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით" - ნათქვამია დოკუმენტში.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოდან თბილისიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, ხოლო ახლა, რეისი კვირაში ორჯერ სრულდება.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. აქამდე გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ, თუმცა, 15 სექტემბრიდან მათ PCR ტესტის წარდგენა მოუწევთ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსვლისას კარანტინი უნდა გაიარონ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები