არჩევნები 2020

ცესკო: არჩევნებში მონაწილე ზოგი სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წილისყრის პროცედურა ცესკოს სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკოში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება.

მათივე ცნობით, წილისყრა ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით უფლება არ აქვთ, გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს, 4 სექტემბრის ჩათვლით, უკვე მიმართა 10-მა უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტმა რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება, მიმართონ ცესკოს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.

"პარლამენტის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, მას შემდეგ, რაც ცესკოს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ბლოკების შემთხვევაშიც განსაზღვრავს წინა საერთო არჩევნებზე გამოყენებული რიგითი ნომრების გამოყენების წესს. საარჩევნო ბლოკებისთვის რეგისტრაციის მიზნით ცესკოსთვის მომართვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საკანონმდებლო ვადების გათვალისწინებით, ცესკოს ექნება წილისყრის პროცედურის ჩატარებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების მინიჭების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკო წლებია, კანონმდებლობით დადგენილ ბოლო ვადაზე მაქსიმალურად ადრე ატარებს წილისყრის პროცედურას. შესაბამისად, მიმდინარე არჩევნებისთვისაც, ცესკო გეგმავს რიგითი ნომრების განსაზღვრას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 38¹) საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა - მიმდინარე წლის 1 ოქტომბერი)". – წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.

კომენტარები