აშშ-ჩინეთი

პომპეო: აშშ ჩინეთში დაკავებული ჰონგ-კონგელი აქტივისტების გამო შეშფოთებას გამოხატავს

მაიკ პომპეო
USStateDepartment

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთში, კუანტონგის პროვინციაში 12 ჰონგ-კონგელ აქტივისტის დაკავების გამო - მათ ადვოკატებზე წვდომა არ აქვთ და ადგილობრივ მაღალჩინოსნებს მათ მდგომარეობასა და მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 

აშშ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. 

სანაპიროს დაცვის ბიურომ ორი კვირის წინ განაცხადა აქტივისტების ჰონგ-კონგის სანაპიროსთან დაკავების შესახებ. ისინი ეჭვმიტანილები არიან საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. ჰონგ-კონგის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისინი ტაივანში მიემგზავრებოდნენ პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად.

ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა თქვა, რომ, თუ ისინი კონტინენტური ჩინეთის კანონების დარღვევისთვის დააკავეს, მაშინ კონტინენტური ჩინეთის კანონმდებლობის თანახმად უნდა გასამართლდნენ.

ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონების მიღების შემდეგ, ტაივანში ჰონგ-კონგელებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზეზით ქალაქს დატოვებენ, ჩასვლა და დარჩენა გაამარტივეს. ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად თვლის, კანონს გმობენ.

ოთხი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგელთა რიცხვი, რომლებმაც ტაივანის მოქალაქეობა მიიღეს გასულ წელთან შედარებით 150%-ით გაიზარდა (2 383 პირი). ჰონგ-კონგიდან ტაივანში უნივერსიტეტების აპლიკაციების რიცხვი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები