ნავალნის მოწამვლა

გერმანია ნავალნის მოწამვლის საქმეს გამოიძიებს, თუ ის თანახმა იქნება

ალექსეი ნავალნი

ბერლინში პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საქმეს გამოიძიებენ და ინფორმაციას მოსკოვს გადასცემენ, თუკი ის თანახმა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გერმანიის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ ამ საქმეს არ გამოიძიებს, რადგან ნავალნი რუსეთში მოწამლეს. 

გერმანია რუსეთს ნავალნის საქმეზე პასუხს და თანამშრომლობას სთხოვს. მოსკოვი კი ამბობს, რომ მოწამვლის მტკიცებულება არ უნახავს. ამავდროულად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ გერმანიის ბრალდებები "უსაფუძვლოა".

გუშინ, 11 სექტემბერს მოსკოვმა განაცხადა, რომ ბერლინში გამომძიებლების გაგზავნას აპირებს. 

ბერლინის პროკურატურამ განაცხადა, რომ რეგიონული იუსტიციის დეპარტამენტისგან ჰქონდა დაკვეთა, "უზრუნველყონ იურიდიული დახმარება რუსეთის მხრიდან და მიიღონ ინფორმაცია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - მისი თანხმობის გათვალისწინებით".

10 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა იგი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს შემდეგ ომსკის საავადმყოფოში კომაში იყო. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. იგი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერვული აგენტით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომელიც რუსი ოპოზიციონერისა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოიყენეს, მის წინა ფორმებთან შედარებით "უფრო ძლიერი" იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს11 სექტემბერს გერმანული გაზეთი Der Spiegel გერმანიის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელის, ბრუნო ქალის სიტყვებზე დაყრდნობით.

10 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ Die Zeit-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს "ნოვიჩოკის" ახალი, მოდიფიცირებული სახეობით. მათი გეგმის მიხედვით ნავალნი თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო.

ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" პროგრამის შესახებ და გამოიძიოს მომხდარი.

ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი.

კომენტარები