ბელარუსი

მინსკში პოლიციამ, სულ მცირე, 6 მომიტინგე დააკავა [ფოტო/ვიდეო]

0 კომენტარი

12 სექტემბერს ბელარუსში, მინსკში, მორიგ ანტისამთავრობო აქციაზე, სადაც ასობით აქტივისტი, უმეტესად ქალები ლუკაშენკოს რეჟიმს, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 6 მომიტინგე დააკავეს. 

"მე ვსეირნობ!" - ასე ერთხმად უპასუხეს მომიტინგეებმა სამართალდამცავების მოწოდებას, რომ დაშლილიყვნენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უწევენ აქტივისტები წინააღმდეგობას პოლიციას, რომელიც მათ დაკავებას ცდილობს.

აქციაზე სამართალდამცავებმა ბელარუსში ცნობილი, 73 წლის აქტივისტის, ნინა ბაგინსკაიას დაკავებაც სცადეს ძალის გამოყენებით. 

ბელარუსი ჟურნალისტი წერს, რომ აქტივისტები თავისუფლების მოედანზე ქალების მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას. 

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 13 სექტემბერს ბელარუსის ქალაქებში მორიგი ფართომასშტაბიანი აქციების, "გმირთა მსვლელობის" გამართვა იგეგმება. ოპოზიციონერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ყველას, ვინც აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები