გიორგი შაქარაშვილის საქმე

თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: megatv

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას, თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.

ხომასურიძე გუშინ, 11 სექტემბერს დააკავეს. მას გამოძიება მუქარას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზ.ხ. გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეებს, გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს, ემუქრებოდა. 

"მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - "თეთრი ისარის" (იგივე "ინკვიზიტორების") სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. "თეთრი ისარის" ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს სისტემატურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. იგი საჯაროდ ხშირად ხაზს უსვამდა წარსულში ძალოვან უწყებებში საქმიანობის შედეგად მიღებულ, საბრძოლო გამოცდილებას და თავის აქტიურ კავშირს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომლებიც, მისი თქმით, ახორციელებდნენ მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციას. ამ ქმედების შედეგად მუქარის ადრესატებს - მირიან ნიკოლაძეს, გურამ ამირხანაშვილს და იაკობ ბრეგვაძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში." - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 12 აგვისტოს ხომასურიძის მეგობარმა ორი ერთნაირი ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმბარათები შეიძინა. ხომასურიძემ, ხელოვნური მტკიცებულებების შექმნის მიზნით, მეგობარი ერთ-ერთი ტელეფონით ამირხანაშვილის სახლთან გააგზავნა, თვითონ კი მეორე ტელეფონიდან მას შეტყობინებებს უგზავნიდა. 

"იგი შეტყობინების მიღებისა და გაგზავნისას სპეციალურად იმყოფებოდა ძალოვანი უწყებების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაფიქსირებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ანძები. აღნიშნულის შედეგად ტელეფონებში, როგორც მტკიცებულება, დაფიქსირდა ყალბი მიმოწერა თითქოსდა გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რაც მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, როგორც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი ფაქტი. პარალელურად, ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თითქოს გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი უკანონო შეიარაღებული ფორმირების - "თეთრი ისარის" წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ამით ხაზი გაუსვა უკვე გამოთქმული მუქარების სერიოზულობას." - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

ასევე, უწყების ცნობით, თამაზ ხომასურიძემ 2020 წლის 23 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა. ის ამტკიცებდა, რომ საკუთარ სახლთან ორგანიზაცია "ინკვიზიტორების", იგივე "თეთრი ისარის" შეიარაღებულ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ უთხრეს, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძესა და საქმის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

"ასევე განუცხადეს, რომ მათ მოიპოვეს გურამ ამირხანაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცეს მედიასაშუალებებს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ იგი მიესალმება ზემოხსენებული ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და მიზნად ისახავდა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით განზრახ ხელის შეშლას, გამოძიების რესურსის ხარჯვას არარსებული პირების გამოვლენისა და მოგონილი ფაქტების გადამოწმების მიმართულებით, ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მუქარას პროცესის მონაწილეებზე." - წერია განცხადებაში.

თამაზ ხომასურიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძე წარსულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის ნასამართლევი. ასევე, ხომასურიძის მიმართ ოჯახში ძალადობისთვის 2018 წელს ორდერია გამოწერილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები