კორონავირუსი საქართველოში

სისხლი საწოლზე, კედლებზე - რას ყვება COVID-19-ზე პასუხის მომლოდინე გოგო რესპუბლიკურიდან

0 კომენტარი
ფოტო: მაკი საჯაია

რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოხვედრილი სტუდენტი, მაკი საჯაია, ტაბულასთან საუბარში ყვება, რომ მას პალატაში ანტისანიტარია დახვდა და ეს სამედიცინო პერსონალსაც შეატყობინა, თუმცა უშედეგოდ.

მაკი საჯაია თავის მეგობართან ერთად ცხელების ცენტრში გუშინ, 13 სექტემბრის საღამოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც კოვიდინფინცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ და აქედან რამდენიმე დღეში პირველადი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ის გვიყვება, რომ სასწრაფოს ექიმი საათ-ნახევრის განმავლობაში არკვევდა, სად გადაეყვანათ საჯაია და მისი მეგობარი, ბოლოს კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრი გადაწყდა.

"როგორც სასწრაფოს ექიმმა თქვა, ასეთი ბრძანება იყო გაცემული, რომ ყველანაირი პროცედურა დროში გაწელილიყო. იმიტომ, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და ვერ ხერხდება პაციენტთა დროებით გადანაწილებაო. ასე ვთქვათ, სადაც მოხერხდა, იქ გადამიყვანეს". – გვითხრა საჯაიამ.

მისივე თქმით, მათ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ აღჭურვილი არ დახვდათ, რის გამოც ისინი პაციენტებთან კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებიან.

მაკი საჯაია ტაბულასთან საუბრის დროს ანტისანიტარიაზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, მან თავის პალატაში ნახა.

"კედლებზე სისხლია, ყველანაირი ჭუჭყი, ნესტი, ამონგრეული კედლები, ფანჯარა არის მიწაზე და ყველანაირი მწერი მოძვრება, ტარაკნიდან დაწყებული, ნემსიყლაპია, ჩრჩილი, პეპელა. პლედი მხოლოდ ერთი ჰქონდათ, ისიც დახეული და ძალიან ცუდი სუნით, რის გამოც დაგვჭირდა ნათესავებისთვის გვეთხოვა პლედის მოტანა". – გვითხრა მან.

მისივე თქმით, მას და მის მეგობარს ექთნებმა უკვე გამოყენებული და დასვრილი თერმომეტრი მიუტანეს. თუმცა, მათ გამოცვლა მოითხოვეს და ექთნებმა თერმომეტრი გამოუცვალეს, რომელიც საჯაიას ცნობით, ასევე დასვრილი იყო.

"ექიმის პასუხია ის, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. და რომ ეს მთავრობის მიერ მოწოდებული პროტოკოლია". – გვითხრა მან.

მაკი საჯაია პალატაში თავის მეგობართან ერთად არის მოთავსებული და ჟანგბადის აპარატების არასაკმარისობაზე საუბრობს.

"ჟანგბადის აპარატი მხოლოდ მე მაქვს, მას არა. გუშინ სუნთქვა მიჭირდა და მომიტანეს ჟანგბადი, მაგრამ მასაც რომ იგივე დამართნოდა ვერ დაეხმარებოდნენ ადგილზე, ოთახში არ არის დამონტაჟებული. როგორც პერსონალმა თქვა, არც საკმარისი აქვთ". 

მაკი საჯაია და მისი მეგობარი პასუხს ელოდებიან, არიან თუ არა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულები. როგორც ჩვენმა რესპოდენტმა თქვა, მას სწრაფი ტესტი არ გაუკეთეს და ამის მიზეზად ტესტის სიმცდარე დაუსახელეს.

პასუხის გასაგებად მათ სისხლის ანალიზი აუღეს, რასაც საჯაიას თქმით, საშუალოდ 12-17 საათი სჭირდება, მანამდე კი მათი მკურნალობა არ დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები